ჩვენ ოთხი წლისა ვართ!

ჩვენ ოთხი წლისა ვართ!
ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58


пятница, 3 декабря 2010 г.

ბაგრატიონის შთამომავალმა მითჰუნ ჩაკრაბორტისთან ერთად ფილმში ითამაშა

რუბრიკით ბოლივუდში მოღვაწე ქართველები, უკვე შემოგთავაზეთ სტატია ქ–ნ ლეილა საფოევას შესახებ, ამჯერად გთავაზობთ სტატიას ბოლივუდში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველზე, რომლის შესახებაც დარწმუნებული ვარ არ იცის საზოგადოებამ
აღმოსავლური ფილოსოფიით გატაცებული კარატისტი მამუკა დავითიშვილი – ბაგრატიონი სამი წელი ცხოვრობდა ინდოეთში სადაც მან თავგადასავლებსაც გამოკრა ხელი და ბოლივუდის ფილმებსა თუ სარეკლამო რგოლებშიც მიიღო მონაწილეობა.
ერთ–ერთ ფილმში მან ბოლივუდის ვარსკვლავ მითჰუნ ჩაკრაბორტისთან ერთად მაფიოზის როლი ითამაშა, ხოლო სარეკლამო რგოლმა მრავალმილიონიან ქალაქ მუმბაიში ცნობად სახედ აქცია.
როგორც მუსიკოსი მონაწილებდა კონცერტებში გოას შტატის ე.წ. ღამის ბაზარზე, რომელიც მთელი მსოფლიოს ხელოვანთა თავშეყრის ადგილად ითვლება.
ჰქონდა განსაცდელებიც, რისგანაც კარატეთი გამომუშავებულმა სისხარტემ და ინტუიციამ იხსნა.
თავის ინდურ ვოიაჟებზე და ინდოელთა ეთნიკურ თავისებურებებზე მამუკა დავითიშვილ–ბაგრატიონი საუბრობს.
–მამუკა, ჭეშმარიტების ძიების გზაზე შემდგარი კაცი ბოლივუდში როგორ მოხვდით?
–სრულიად შემთხვევით. კაფეში ვიჯექი, ჩემთან აგენტები მოვიდნენ რომლებიც ევროპულ სახეებს ეძებდნენ და ამიყვანეს. ბედი ვცადე, მგონი არტისტიზმი აღმომაჩნდა. ათამდე ინდურ ფილმში ვითამაშე, მათ შორის სერიალშიც.
თავიდან მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდი, შემდეგ ქასტინგები გავიარე და ეპიზოდური როლებიც მომცეს. ახალ ფილმში მაჰათმა განდიზე, ჯარისკაცის როლს ვთამაშობ.
ფილმში "შეპყრობა" ბოლივუდის ვარსკვლავის, მითჰუნ ჩაკრაბორტის გმირის პირადი მცველის როლი შევასრულე. რეჟისორს ვეხვეწე, ჩხუბის სცენებს მე დაგიდგამთ სრულიად უსასყიდლოდ–მეთქი, მაგრამ ვერ დავიყოლიე. მათ ისე მოსწონთ როგორც იღებენ. რელურთან ახლოს მდგარ დინამიკას ვერ აღიქვამენ. უნდა ითქვას რომ მათი ცხოვრებაც ძალიან წააგავს ინდური ფილმების სიუჟეტს.
სხვათაშორის ერთ რამეს დავაკვირდი, მე რაზეც მეცინებოდა კინოში, ისინი ტიროდნენ და პირიქით, მე რაზეც მეტირებოდა ისინი იცინოდნენ, ანუ აბსოლუტურად სხვა სამყაროა.
–ინდური კინოს ლეგენდასთან, მსახიობ მითჰუნ ჩაკრაბორტისთან რა ურთიერთობა გქონდათ, მას როგორც პიროვნებას როგორ დაახასიათებთ?
–ძალიან კარგი პიროვნებაა, მატერიალური ფასეულობანი საკმაოდ აქვს და ძალიან სასიამოვნოა როცა ასეთ პიროვნებას შეუძლია უბრალოება შეინარჩუნოს. მისი სამოსახლოს შემოგარენში ღარიბ ადამიანს ვერ ნახავთ, ყველას ეხმარება. კინოვარსკვლავები მაინცდამაინც კონტაქტურები არ არიან, მაგრამ მათგან განსხვავებით მითჰუნ ჩაკრაბორტი უჩვეულოდ უშუალო ადამიანია. საქართველოს იცნობს. ერთხელ დავსხედით და ძველი მეგობრებივით ძალიან თბილად და გემრიელად ვისაუბრეთ. ეტყობა ჩემგანაც იგრძნო დადებითი იმპულსები.
–გადასაღები მოედნიდან რა ეპიზოდები გახსენდებათ განსაკუთრებით?
–რასაც ახლა გიამბობთ ასეთი რამ მარტო ინდოეთში შეიძლება მოხდეს. მუმბაის მახლობლად არის პატარა ქალაქი – ფილმსითი, სადაც გადაღებები მიმდინარეობს. პავილიონები განთავსებულია ჯუნგლების გარშემო, სადაც ველური ცხოველები დაძრწიან –ვეფხვები, ლეოპარდები. ერთხელ, ღამის გადაღებები გვქონდა და ბევრი მხრიდან იდგა კამერები. შუალედებში მათ გადაყენებას ერთ საათს მაინც ანდომებდნენ. როცა სცენა გადაიღეს და კამერების გადაყენებას შეუდგნენ, ვიფიქრე ტყეში შვისეირნებთქო და სიღრმეში ისე შევედი არავინ გამიფრთხილებია. ტოტი მოვტეხე და რატომღაც შოტოკან კარატეს ფუძემდებლის გიჩინ ფუნაკოშის ისტორია გამახსენდა, რომელიც ტყეში ვარჯიშობდა ხოლმე. შევედი ფიქრებში და დავიწყე ჯოხის ტრიალი. სერიოზულ ფორმაში ჩავდექი, ტოტით ხმლის ტექნიკას ვასრულებდი, თან ყველა მიმართულებით ვტრიალებდი.
15–20 წუთის შემდეგ ვარჯიში რომ დავამთავრე, შემართული ენერგიით, ჯოხით ხელში გამოვედი ტყიდან და რას ვხედავ – გადასაღებ მოედანზე ერთი წივილ–კივილია, მე მეძებენ. თურმე თვალი რომ ვერსად მომკრეს ვეფხვის ან ლეოპარდის გატაცებულად ჩამთვალეს. მე გავიხუმრე, იციან ვინ შეჭამონ ყველას კი არ ჭამენ–თქო, მაგრამ მერე მარტო რომ დავრჩი გიყვარდეს კარგ დღეში ჩავვარდი. გავიგე რომ გადაღებების დროს მხეცებს უბრალოდ გვერდზე გასული კაციც კი მოუტაციათ. წინა დღეს დაღლილი ტურისტი, რომელიც თურმე ფეხით მიუყვებოდა – გაუტაციათ.
შემდეგ მთელი ისტორიები შევისწავლე, ფრთხილად რომ ვყოფილიყავი – თურმე ეს მხეცები ზურგიდან ესხმიან თავს, ამიტომ ძველად ადამიანები კეფაზე საგანგებოდ იკეტებდნენ ნიღაბს, სახის გამოსახულებით, უსაფრთხოების ნორმები რომ დაეცვათ.
იყო ასეთი შემთხვევაც. ფილმის "შეპყრობა" გადაღებებისას მოხდა სახიფათო ინციდენტი. სცენარის მიხედვით მანქანა უნდა აფეთქებულიყო. მე აფეთქების ტალღას უნდა გადავეგდე და იარაღი ხელიდან უნდა გამვარდნოდა. ეს მანქანა ჯაჭვებით იყო დაბმული და მეორე მანქანას უნდა დასცემოდა. გადაღებების მომენტში თითქოს რაღაც მენიშნა, თან გავითვალისწინე ინდოელების დამოკიდებულება სიცოცხლისადმი – დინებას მიჰყვებიან. მათ აქვთ გამოთქმა "შანტი – შანტი", ანუ იყავი მშვიდად. ცხოვრობენ დევიზით "მოსახდენი მოხდება". ალბათ ამიტომ ვფრთხილობდი განსაკუთრებით. აფეთქების მომენტში უეცრად ჯაჭვები გაწყდა, მანქანა ისე მაღლა ავარდა, რომ კამერებმაც ვერ დააფიქსირეს და მეორე მანქანისკენ კი არა , პირდაპირ ჩემკენ გამოქანდა. უცებ რომ არ გავვარდნილიყავი შემთხვევის ადგილიდან, პირდაპირ თავზე დამეცემოდა. კარატეს დამსახურებით გადავრჩი. კარატე ადამიანში სწრაფი მოქმედების და ექსტრემალურ სიტუაციაში სხარტი აზროვნების უნარს ავითარებს.–რომელმა სარეკლამო რგოლმა გაქციათ მუმბაიში ცნობად სახედ?
–სახლის სავარჯიშო მოწყობილობა ჰოუმჯიმს ვუკეთებდი რეკლამას კარატეს კიმანოში გამოწყობილი და თავზე ბენდენაწაკრული. რეკლამა წარმატებული გამოვიდა და ტელევიზიით იმდენჯერ ატრიალეს რომ მუმბაიში, ამ უზარმაზარ ქალაქში უკვე მცნობდნენ. ქუჩაში გამვლელები მაჩერებდნენ და ავტოგრაფებს მთხოვდნენ, ცნობილ მსახიობად აღმიქვამდნენ.
–თქვენ გოას შტატში ე.წ. ღამის ბაზარზეც უკრავდით. როგორ მოხვდით იქ?
–სრულიად შემთხვევით გოას შტატში ერთი იტალიელი გავიცანი, რომელსაც ოკეანის პირას საკუთარი რესტორანი ჰქონდა. ვთხოვე ფორტეპიანოზე ვუკრავ და მოგასმენინებ–თქო. ჩემთვის მუსიკა და სიმღერები დამიწერია, იმპროვიზაციის უნარიც მაქვს, მაგრამ მაღალპროფესიონალი მუსიკოსების გვერდით თავს ვერ დავაყენებ. იმ კაცს ჩემდა გასაკვირად ისე მოეწონა ჩემი შესრულება რომ ერთ თავის მეგობარს დაურეკა, ვირტუოზი პიანისტი ვნახეო. შემომთავაზეს ჩქარა მოემზადე, ღამის ბაზარზე საკონცერტო პროგრამაში უნდა ჩაგსვათო. ჯერ დავიბენი, თუმცა შემდეგ თავს მობილიზება გავუკეთე და ორ ღამეში პროგრამა მოვამზადე.
გოას ბაზარი შემოქმედებითი ადგილია სადაც სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანი ხალხი იკრიბება და გამოხატავს საკუთარ თავს, ხასიათს, პოზიციას. ჩამოაქვთ ხელნაკეთობები და ყიდიან. თავის დროზე აქედან წამოვიდნენ ჰიპები. ეს ბაზრობა ყოველ შაბათს იმართება, იქ დგას დიდი სცენა სადაც ადრე უკრავდნენ "პინკ ფლოიდი", ბითლზი"... იმ სცენაზე გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ. თან საუკეთესო დროს ჩამსვეს, ღამის 11–დან პირველ საათამდე. ამ დროს იქ ყველაზე ბევრი ხალხი იკრიბება. კონკურენცია დიდი იყო, "ფეხის წამოდებების" დონეზეც კი. ერთმა ჯგუფმა ჩემი სცენაზე ყოფნისას ადგილის წართმევა მომინდომა, მაგრამ იქ ჩამოსულმა ორმა ქართველმა ისე გაურკვია სიტუაცია, რომ მე არც დამჭირვებია მათი მოგერიება.
ასეთ აღიარებას არც მოველოდი, ხალხი მოდიოდა და დისკებს მთხოვდა, სად შეიძლება შევიძინოთ თქვენი კომპოზიციებიო.
–თავად ინდოელებს როგორ დაახასიათებთ, მათ ეთნიკურ თავისებურებებზე რას იტყვით?
–ინდოეთი კონტრასტების ქვეყანაა. ქუჩაში შეიძლება ერთდროულად შეგხვდეთ უმდიდრესი, იშვიათი მოდელის ავტომობილები, მოტოციკლეტები, აქლემები, სპილოები და რქაშეღებილი ძროხები. საოცარია რომ ინდოეთის გადატვირთულ ქუჩებში სადაც ავტომობილები დიდი სიჩქარით მოძრაობენ, ავარიის ნაკლები შემთხვევებია.
იქ ყველაფერი –თეთრი და შავი – თითქოს ერთ ქვაბში იხარშება.
ერთი ფილოსოფიურ–რელიგიური მიმდინარეობის მასწავლებელმა მითხრა, ხომ ხედავ აქ ყველაფერია ერთადო. ვუპასუხე, ჭუჭყიანი და სუფთა წყალი ერთმანეთში რომ ავურიოთ რას მივიღებთ–თქო. მასწავლებელი ასეთ პასუხს არ მოელოდა და თვალები გაუფართოვდა.
"ქართული ხმების" დისკი მქონდა წაღებული და ვუსმენდი ხოლმე. ინდოელები ვერ უძლებდნენ და გარბოდნენ. დაკვირვების შედეგად დავასკვენი, რომ რაც ძალიან ფაქიზია მალე ფუჭდება. ამიტომაც ამ ქვეყანას უფრო ადვილად დაეუფლნენ სხვადასხვა ძალები. იქ სხვადასხვა რელიგიურ–ფილოსოფიურმა სწავლებებმა იოლად მოიკიდეს ფეხი.
სხვათაშორის ინდოელებს ძალიან აქვთ განვითარებული ინსტიქტი, ინტუიცია. იოლად გრძნობენ, აღიქვამენ, იჭერენ, იმახსოვრებენ.
ინდოელი პატარა ბავშვივით არის – თუ სიყვარულს, გახსნილ გულს უჩვენებ და მოეფერები, შენთან კონტაქტში შემოვა, სიყვარულს სიყვარულით პასუხობს, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას ცუდი რამ შეგატყონ – მაშინ მტრისას!
სარეკლამო რგოლი ფილმისა "შეპყრობა", სადაც ერთ მომენტში, წამით მამუკა ბაგრატიონიც ჩანს.

2 комментария:

  1. Mamuka Bagration-davitishvili19 марта 2012 г. в 14:54

    გამარჯობათ. ეს მე გახლავართ მამუკა ბაგრატიონ–დავით ი შვილი და არა დავითაშვილი. ძალიან გთხოვთ ეს შეცდომა სასწრაფოდ შეასწოროთ. დავით ა შვილებს ბაგრატიონებთან არანაირი შეხება არა აქვთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

    ОтветитьУдалить
  2. გამარჯობათ. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის. ეს სტატია დაკოპირებული მაქვს ჟურნალიდან და ის ჟურნალი ახლაც მაქვს, სადაც ზუსტად ეს გვარი წერია. ამიტომაც მოხდა ასე... ჩავასწორებ გვარს ყველგან სადაც არის ნახსენები.

    ОтветитьУдалить